English / ქართული / русский /
ანზორ აბრალავადავით ფოდიაშვილი
ფირმის ეკოლოგიური მენეჯმენტის განვითარების ტენდენციები

ანოტაცია. თანამედროვე პირობებში ნებისმიერი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია ეკოლოგიის კანონზომიერებები და მათი საბოლოო შედეგები. „ეკოლოგია“, როგორც ცოდნის დამოუკიდებელი დარგი, ადამიანის შეხედულება გარემომცველ სამყაროზე და მასთან ურთიერთქმედება, გაჩნდა გასული საუკუნის შუახანებში. შემდეგ კი დაიწყო მზარდი ეკოლოგიური კრიზისის გაცნობიერების პროცესი. კაცობრიობის წინაშე დადგა ჩამოყალიბებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ჯანსაღი შეფასების, საზოგადოების ფასეულობათა სისტემის, მისი იდეალების გადამოწმებისა და ანალიზის, ასევე დროის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მთლიანად საზოგადოებრივი განვითარების მიზნებისა და საშუალებების სისტემაში მოყვანის ამოცანები.

საკვანძო სიტყვები: ეკოლოგია, ეკონომიკა, ეკოლოგიური კრიზისი, ბუნებრივი რესურსი, ეკოლოგიური მენეჯმენტი. 

შესავალი

ეკონომიკის მიზანია კაცობრიობის კეთილდღეობის ამაღლება, ბუნებრივი რესურსების გამოყენების ხარჯზე მისი მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ამასთან, გვეჩვენება, რომ ბუნებრივი მარაგი ამოუწურავია და მხოლოდ პლანეტის სხვადასხვა წერტილებში სულ უფრო მეტი პერიოდულობით წარმოქმნილი ეკოლოგიური კრიზისები გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე, რომ  არ შეიძლება ასე დაუფიქრებლად ვძარცვავდეთ ბუნებას და სანაცვლოდ არაფერს ვაძლევდეთ. ბუნება და საზოგადოება, ეკოლოგია და ეკონომიკა დაკავშირებულია ერთმანეთთან საერთო საარსებო გარემოთი, ნივთიერებათა, ენერგიისა და ინფორმაციის საერთო ნაკადებით. მრავალ ეკონომიკურ პრობლემას განაპირობებს ეკოლოგიის კანონების მიმართ აგდებული დამოკიდებულება. გარემოს დაბინძურება და ბუნებრივი რესურსების მილევა ცივილიზაციის ყველაზე სერიოზული პრობლემებია, პირველ რიგში კი იგი ეკოლოგიურ-პოლიტიკური პრობლემაა. ეკონომიკასა და ეკოლოგიას შორის წინააღმდეგობების გამწვავების ძირითადი მიზეზია მოსახლეობის რიცხოვნობა და მისი სწრაფი ზრდა, ადამიანის მიერ რესურსებისათვის მიყენებული ზიანის მოცულობის გადიდება და ეკონომიკის ძლიერი ჩამორჩენა მეურნეობის ეკოლოგიზაციის პირველხარისხოვანი ამოცანებისგან. ეკონომიკასა და ეკოლოგიას შორის წინააღმდეგობების გამწვავება კი არა განიზიდავს მათ, არამედ უფრო მეტად აკავშირებს ერთმანეთთან. 

* * *

ბუნება მუდამ იყო და იქნება ადამიანის ცხოვრების პირველწყარო. ბუნება ასრულებს ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ, ეკონომიკურ, ესთეტიკურ, რეკრეაციულ, სამეცნიერო, კულტურულ ფუნქციებს[1].

ეკოლოგიური ფუნქცია. ადამიანი ურთიერთქმედებს საარსებო გარემოსთან მისი არსებობისათვის ეკოლოგიურად ყველაზე ხელსაყრელი პირობების უზრუნველმყოფი ბუნების ფარგლებში. ეკოლოგიური ოპტიმუმი აქ მიიღწევა ეკოლოგიური წონასწორობის დამყარების გზით ბუნების მოვლენებისა და პროცესების ურთიერთქმედებისა და ურთიერთკავშირის პროცესში. ბუნებრივი რესურსების მდგომარეობა: მიწის, წყლის, ჰაერის, ტყის, - განსაზღვრავს ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სუნთქვაზე, ჭამაზე, დალევაზე. იგი ასევე განსაზღვრავს კლიმატისა და ამინდის მდგომარეობას, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.

ეკონომიკური ფუნქცია. ბუნებრივ რესურსებს ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია. ისინი წარმოადგენენ ადამიანის სულ უფრო მზარდი მრავალფეროვანი მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წყაროს. ეკონომიკური ფუნქცია მაშინ გაჩნდა, როცა ადამიანმა დაიწყო ბუნებრივი რესურსების აქტიური გამოყენება: შექმნა პირველი შრომის იარაღი, დაიწყო საცხოვრისის მშენებლობა, ბუნებრივი სიმდიდრეების მოპოვება.

ბუნების ესთეტიკური, რეკრეაციული, სამეცნიერო, კულტურული ფუნქციები გაჩნდა ადამიანისა და საზოგადოების განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე. ბუნებასთან ურთიერთობის პროცესში ადამიანი იკმაყოფილებს თავის სულიერ და კულტურულ მოთხოვნილებებს, იღებს ინფორმაციას, ცოდნას.

ბუნებრივი რესურსების ხელსაყრელი მდგომარეობის შენარჩუნებას უნდა უზრუნველლყოფდეს ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის ხარჯზე ადამიანისა და მთლიანად საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესის რეგულირება.

უკანასკნელ წლებში მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში გაძლიერდა დისციპლინათაშორისი კვლევების ჩატარების ტენდენცია. სხვადახვა მეცნიერებებისათვის დამახასიათებელი მეთოდების კომბინირება, ასევე დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის გაერთიანება ხელს უწყობს კვლევითი მუშაობის შედეგების ამაღლებას, ახალი იდეებისა და კონცეფციების წარმოქმნას, ასევე პრაქტიკული გამოცდილების ტრანსფერს ცოდნის ერთი სფეროდან მეორეში. ასეთი დისციპლინათაშორისი კვლვები მენეჯმენტისა და ეკოლოგიის სფეროებში დასაბუთებულია ზოგადად მეცნიერების განვითარების კანონზომიერებების ჭრილში. თუმცა, იგი არ წარმოადგენს პირველი რიგის მიზეზს, რომელიც აიძულებდა სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებს ეკვლიათ ეკოლოგიის პრობლემები მართვის შესახებ მოძღვრების ფარგლებში.

ფუძემდებლურ ფაქტორს წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის შედეგად სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ინტენსიფიკაცია, რაც აისახება გარემოზე წარმოებისა და მოხმარების ნეგატიური ზემოქმედების დონის ამაღლებაზე. მოცემული პრობლემა უსწრაფეს გადაწყვეტას მოითხოვს როგორც ბიზნესის, ასევე მეცნიერების მხრიდან, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს აღნიშნულ სფეროში კვლევების აქტივიზაციას.

წარმოებისა და მართვის ახალი მეთოდების შემუშავება და დანერგვა ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით იწვევს „ეკოლოგიისა“ და „ეკონომიკის“ ინტერესთა კონფლიქტს, რადგან ახალი მეთოდების დანერგვა ან არსებულის ადაპტაცია დამატებით დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ნახაზზე წარმოდგენილია ეკოლოგიასა და ეკონომიკას შორის კონფლიქტის ძირითადი მდგენელები ფირმაში, ასევე შემოთავაზებულია აღნიშნული კონფლიქტის გადაჭრის მეთოდები და ინსტრუმენტები.

ბაზარზე წარმატებული ფუნქციონირებისთვის ფირმა უნდა შეესაბამებოდეს ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა მომგებიანობა, კონკურენტუნარიანობა, მწარმოებლურობა, მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება, უმუშევრობასთან ბრძოლა, ასევე წარმოებისა და მართვის ეფექტიანობა. ფირმა უნდა ნერგავდეს რესურდამზოგველ ტექნოლოგიებს, ახდენდეს ნარჩენების გადამუშავების ინტენსიფიკაციას და ამცირებდეს საწარმოო ხმაურს, ასევე ხელს უწყობდეს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ეკოლოგიური პარამეტრების გაუმჯობესებას.

 

 ნახაზი: ფირმის განვითარების ეკოლოგიური კონცეფცია 

თუმცა, ხშირად ეკოლოგიური და ეკონომიკური მოთხოვნები არ არის თანხვდენილი. ასე, მაგალითად, ეკოლოგიური მოთხოვნების შესრულება ზრდის ფირმის დანახარჯებს, რაც უარყოფითად აისახება მომგებიანობასა და ბაზრის წილზე. ამრიგად, ფირმა იძულებულია წავიდეს კომპრომისებზე მოკლევადიან პერსპექტივაში იმ იმედით, რომ მოგებას მიიღებს მომავალში, რამდენადაც სავალდებულო ეკოლოგიური მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ფირმის მიმართ შეიძლება განხორციელდეს საჯარიმო სანქციები ეკოლოგიური კონტროლის სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რაც დააზიანებს ფირმის იმიჯს და, შესაბამისად, დააქვეითებს საინვესტიციო მიმზიდველობას.

ეკოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და ფირმის ეკონომიკური ამოცანების გადაჭრის ჰარმონიულად შესახამებლად იყენებენ შემდეგ ინსტრუმენტებს: ეკოლოგიური მისიის, მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებას, ასევე ეკოლოგიური სტრატეგიის შემუშავებას. ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტები უნდა დაინერგოს ფირმის ყველა ქვედანაყოფში. საერთაშორისო ბაზარზე გასვლისას  ფირმებმა ეკოლოგური სტრატეგიების შემუშავებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო ეკოლოგიური მოთხოვნები და სტანდარტები.

თანამედროვე ლიტერატურაში ეკოლოგიური მენეჯმენტის ცნება განიხილება როგორც ეკოლოგიის მენეჯმენტი, ეკოლოგიზირებული მენეჯმენტი და ეკოლოგიური მენეჯმენტი.

1. „ეკოლოგიზირებული“ მენეჯმენტი კლასიკური მენეჯმენტის ვარიანტია, ანუ ეკონომიკის ობიექტის მართვა საბაზრო ურთიერთობების პირობებში დაგეგმვის, ორგანიზაციისა და კონტროლის ფუნქციების რეალიზაციის გზით; ამასთან,  ყველა წარმოებრივი ფუნქციის, ფაქტორის და წარმოების ინფრასტრუქტურის მისადაგებით ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნებთან (პროგრამა-მინიმუმი ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის სფეროში ეროვნული და საერთაშორისო ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით). ცხადია, რომ „ეკოლოგიზირებულობის“ ხარისხი შეიძლება მერყეობდეს: ნარჩენების მოცულობის შემცირებასა და ენერგიის დანახარჯების შემცირებაზე გაწეული უმნიშვნელო ძალისხმევიდან პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე ეკოლოგიური ასპექტების დანერგვამდე.

2. „ეკოლოგიური“ მენეჯმენტი წარმოადგენს პოსტინდუსტრიული ეპოქის „სტრატეგიული“ მენეჯმენტის კონცეფციის ნაწილს (როცა საბაზრო კონკურენცია ინაცვლებს ინოვაციური სტრატეგიების სფეროში). იგი გულისხმობს მომხმარებელთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ეკონომიკის, რაციონალიზაციის ნებისმიერი წარმატების, შრომის მწარმოებლურობის ნებისმიერი ფორმით ამაღლების გამოყენებას (პროგრამა-მაქსიმუმი ანუ კაცობრიობის საკეთილდღეოდ სარისკო ბუნებრივი და ანთროპოგენური სიტუაციების გავლენის წარმატებული ელიმინირების ორიენტირი).

ეკოლოგიის მენეჯმენტი წარმოდგენილია როგორც თანამედროვე წარმოების ეკოლოგიურად უსაფრთხო მართვა, რომლის დროსაც მიიღწევა მაქსიმალური თანაფარდობა ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის. ამგვარი განმარტება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბიზნესს გააჩნია არა მხოლოდ ეკონომიკური მისია, არამედ მას აკისრია უზარმაზარი სოციალური პასუხისმგებლობა.

3. „ეკოლოგიის მართვა“ გახლავთ საქმიანობა, რომელიც ორგანიზებულია ადამიანის ეკოლოგიის თავისებურებების გათვალისწინებით და გულისხმობს ეროვნული პოლიტიკის დაცვას უსაფრთხოების, შრომის ჰიგიენისა და წარმოებრივი გარემოს სფეროში.

თუმცა, ყველაზე მისაღებია ეკოლოგიური მენეჯმენტის განმარტება. ეკონომიკურ ლიტერატურაში (მ.შ. ISO 14000 დოკუმენტების თარგმანებში) ტერმინი „ეკოლოგიური“ მენეჯმენტი ჩანაცვლებულია „გარემოს ხარისხის მართვით“, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - „ეკოლოგიური მართვით“.

ბუნაბადაცვითი საქმიანობის სფეროში ცნობილია შემდეგი კონცეფციები:

ბუნების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულების კონცეფცია. იგი საუკუნეების მანძილზე არსებობდა, მისი ინტენსიფიკაცია დაემთხვა საზოგადოების კაპიტალისტური განვითარების დასაწყისს. კაცობრიობა მიეჩვია ბუნების აღქმას იმ რესურსების საცავად, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს გამოყენებული მატერიალური წარმოებისა და საზოგადოების გამდიდრებისთვის. ბუნების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულების კანონზომიერ შედეგს წარმოადგენს ბუნებრისი სიმდიდრეების მილევა, რაც ნეგატიურად აისახება ადამიანსა და საზოგადოებაზე.

ბუნებაში ჩაურევლობის კონცეფცია. აღნიშნული კონცეფცია ბუნების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულების კონცეფციის საპირისპიროა და მხოლოდ თეორიულად განიხილება, რადგან განვითარების პროცესში კაცობრიობას არ ძალუძს ბუნებაში ჩაურევლობა, მასზე არც დადებითი და არც უარყოფითი ზემოქმედების მოხდენა. აღნიშნული კონცეფცია ეფუძნება იმას, რომ ნებისმიერი ჩარევა ბუნების განვითარებაში სერიოზული შედეგებით უბრუნდება უკან ადამიანს და ბუნებას.

მოძღვრება ნოოსფეროს შესახებ. მოძღვრება ნოოსფეროს შესახებ შეიმუშავა  აკადემიკოსმა  ვ.ი. ვერნადსკიმ, ფრანგმა ფილოსოფოსმა ტეიარ დე შარდენმა და სხვ. აღნიშნული თეორიის მომხრეები გამოდიან ნებისმიერი სულიერის განადგურების ან დაჩაგვრისათვის ადამიანური გონების ძალის გამოყენების დაუშვებლობიდან. ადამიანის გონების ძალა სამართლიანი და ზნეკეთილი უნდა იყოს ადამიანისა და მისი გარემომცველი სამყაროს, პლანეტა დედამიწის, დედამიწის გარშემო სივრცისა და მთლიანად კოსმოსის მიმართ. „მეცნიერული აზრისა და ადამიანის შრომის გავლენით ბიოსფერო გადადის ახალ მდგომარეობაში - ნოოსფეროში“[2]. ნოოსფერო გახლავთ ადამიანებს, ბუნებასა და საზოგადოებას, სამყაროს ორგანულ და არაორგანულ, ცნობიერ თუ არაცნობიერ ძალებს შორის მეცნიერული თვალსაზრისით ჰარმონიულად გარდაქმნილი ურთიერთობები. ადამიანი მოწოდებულია მსოფლიო შემოქმედებისთვის და ეს შემოქმედება არის თავად ბუნების ნაწილი, სამყაროს რეალური მამოძრავებელი ძალა. ჯერ კიდევ XX საუკუნის პირველ ნახევარში შემუშავებული მოძღვრება ნოოსფეროს შესახებ, პრაქტიკულად არ არის რეალიზებული. თუმცა მას გააჩნია უდიდესი პოტენციალი, განსაკუთრებით  გლობალური ეკოლოგიური კრიზისის პირობებში.

ეკონომიკური განვითარების, მოსახლეობის მოთხოვნილებების შეზღუდვის კონცეფცია. ეკონომიკური განვითარების, მოსახლეობის მოთხოვნილებების შეზღუდვის კონცეფცია გაჩნდა XX საუკუნის 60-70-იან წლებში როგორც რეაქცია გარემოს მდგომარეობის გაუარესებაზე, რესურსების მილევაზე, დაბინძურების ზრდაზე [3]. კაცობრიობის შემდგომი განვითარების არახელსაყრელი პერსპექტივების თავიდან ასაცილებლად, მისი თანამედროვე ტემპებისა და მიმართულებების შენარჩუნებისას დგება შემდეგი პირობები:

1) თუ არსებული ზრდის ტემპები უცვლელი დარჩება, ზრდის მაქსიმალური ზღვარი მიღწეული იქნება უახლოესი 100 წლის განმავლობაში. 2) შეიძლება ეს ტენდენციები შეიცვალოს და შეიქმნას ეკოლოგიური და ეკონომიკური სტაბილურობის პირობები, რომელიც შენარჩუნდება შორეულ მომავალშიც. გლობალური წონასწორობის მდგომარეობა ისეთი უნდა იყოს, რომ ყოველ ადამიანს შეეძლოს ძირითადი მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და გააჩნდეს თანაბარი შესაძლებლობები თავისი შემოქმედებითი პოტენციალის განსავითარებლად.

3) თუ ადამიანი ირჩევს განვითარების არა პირველ, არამედ მეორე ვარიანტს, მაშინ რაც უფრო მალე დაიწყებს იგი მის განხორციელებაზე მუშაობას, მით მეტი შანსი ექნება წარმატების მისაღწევად.

აღნიშნული კონცეფცია მკაცრად გააკრიტიკეს მთელს მსოფლიოში, კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების დამუხრუჭების მოწოდებები უტოპიურად იქნა შეფასებული. პირველი კვლევებიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ იმავე მეცნიერებმა სცადეს თავიანთი შედეგების განახლება იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც მოხდა 20 წლის განმავლობაში. მათ მიერ გამოთქმული იდეები მდგრადი განვითარების კონცეფციის თანხვდენილია.

1) კაცობრიობის მიერ მრავალი უმნიშვნელოვანესი რესურსის გამოყენებისა და მრავალი სახის დაბინძურებების წარმოქმნის ტემპები უკვე სცილდება დასაშვებ ზღვარს.

2) ეს შემცირება გარდაუვალი არ არის. მის აღსაკვეთად უნდა გადაიხედოს პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის რიცხოვნობის და მატერიალური მოხმარების დონის ზრდას, ასევე მატერიალური და ენერგეტიკული რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებას.

3) ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად მდგრადი საზოგადოების შექმნა ჯერ კიდევ შესაძლებელია. მდგრად საზოგადოებაზე გადასვლა მოითხოვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების დაბალანსებას და წარმოების მოცულობიდან აქცენტის გადატანას თვითკმარობაზე, თანასწორობასა და ცხოვრების ხარისხზე [3].

მდგრადი განვითარების კონცეფცია

მდგრადი განვითარების კონცეფცია (sustainable development) - ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების ერთ-ერთი თანამედროვე, ყველაზე გავრცელებული და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი კონცეფციაა.

გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივით, 1984 წელს შეიქმნა გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კომისია. კომისია მიზნად ისახავდა გარემოს დაცვის სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიების შესახებ წინადადებების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფდნენ საზოგადოების მდგრად განვითარებას, იმ საშუალებებისა და ხერხების განხილვას, რომელთა გამოყენებითაც მსოფლიო თანამეგობრობა ეფექტიანად გადაწყვეტდა გარემოს დაცვის პრობლემებს. კომისიამ თავისი მოხსენება „ჩვენი საერთო მომავალი“ გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგინა 1987 წელს [4]. აღნიშნულ დოკუმენტში ცენტრალური ადგილი უკავია მდგრადი განვითარების კონცეფციას.

გარემოსა და განვითარების შესახებ რიო დე ჟანეიროს დეკლარაცია

დღეისათვის ეკოლოგიური ბალანსის მიღწევის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია XXI საუკუნის დღის წესრიგი. იგი მოწონებულ იქნა პლანეტა დედამიწის პრობლემებთან დაკავშირებულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე 1992 წელს რიო დე ჟანეიროში გარემოსა და განვითარების საკითხებთან დაკავშირებით გაეროს კონფერენციის მიმდინარეობისას. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 179 მთავრობის მეთაური და მაღალჩინოსანი.

რიოში შეხვედრის შედეგად მიღწეულ იქნა ორი საერთაშორისო შეთანხმება, მიღებულ იქნა ორი განცხადება საყოველთაო მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ძირითად მოქმედებათა გეგმისა და პრინციპების შესახებ. ეს ხუთი დოკუმენტი მოიცავს:

1) გარემოსა და განვითარების შესახებ დეკლარაციას;

2) XXI საუკუნის დღის წესრიგს - პროგრამას იმის შესახებ, თუ როგორ გავხადოთ განვითარება მდგრადი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით;

3) განცხადებას ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისა და სიცოცხლის ყველა ფორმის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა სახის ტყის მასივის დაცვასთან, მდგრად განვითარებასა და აღნიშნული პროცესის მართვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ;

4) კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს კონვენციის მიზანია ატმოსფეროში სათბურის ეფექტის გამომწვევი აირების კონცენტრაციის სტაბილიზაცია იმ დონეზე, რომელიც არ გამოიწვევს დისბალანსს მსოფლიო კლიმატურ სისტემაში;

5) კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ მოითხოვს, რომ ქვეყნებმა მიიღონ ზომები ცოცხალი არსებების მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და უზრუნველყონ მათი გამოყენებისგან მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება. 

დასკვნა

ეკოლოგიური მართვა - ეს არის სახელმწიფო ორგანოებისა და ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობა, რომელიც უმთავრესად მიმართულია ბუნებადაცვითი კანონმდებლობის სავალდებულო მოთხოვნების დაცვის, ასევე შესაბამისი მიზნების, პროექტებისა და პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციისკენ. ეკოლოგიის მენეჯმენტი კი გახლავთ ეკონომიკური სუბიექტების ინიციატივიანი და შედეგიანი საქმიანობა მათი საკუთარი ეკოლოგიური მიზნების, პროექტებისა და პროგრამების მისაღწევად, რომლებიც მათ შეიმუშავეს ეკოეფექტიანობისა და ეკოსამართლიანობის პრინციპების საფუძველზე.

ეკოლოგიური მენეჯმენტის ძირითადი მიზნები და მათი მიღწევის შეფასების კრიტერიუმები-დაკავშირებულია მუდმივი გაუმჯობესების პროცესებთან. წლიდან წლამდე თანმიმდევრული გაუმჯობესება მიღწეული უნდა იქნას ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობის ყველა ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ასპექტში. ამრიგად, ეფექტიანი ეკოლოგიური მენეჯმენტი უზრუნველყოფსფირმების ნდობის კრედიტს მათი საქმიანობით დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობებში. სწორედ ამაში მდგომარეობს ეკოლოგიური მენეჯმენტის უპირატესობა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Бринчук М.М. Экологическое право(право окружающей среды), Москва,2000.
  2. Вернадский В.И. Размышление натуралиста. Книга вторая. Научная мысль как планомерное явление, - Москва, Юрист, 2000.
  3. Медоуз Д.Х. Медоуз Д.Л. Ранерс Й. За пределами роста. - М., 1994, 13с.
  4. Наше общее будущее. Доклад Международно комиссии по окружающей среде и развитию. - М., Прогресс.1989.
  5. Mele D. Corporate social responsibility in Spain. Working Paper No. 543, IESE business school. University of Navarra Marc? 2004 P. 23-27.
  6. Peattie R. Green Marketing. - London: Pitman Publishing, 1992. - 284 p.
  7. Utting P. Busiiness Responsibility for Sustainable Development. UNRISD. 2000 P. 67.
  8. Zadec S. Exploring the Business Case. Ethical Coфoration, May, 2002, P.23

[1] Бринчук М.М. Экологическое право(право окружающей среды), Москва,Юрист,2000.

[2] Вернадский В.И. Размишление натуралиста.Книга вторая.Научная мисль как планоменое явление,-М,1977.19 с.